თბილისის მერია

მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიამ, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია. ამასთან, ისინი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა სწავლობდნენ.

განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. მერიის ინფორმაციით, აუცილებელია, რომ განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია სტუდენტმა პირადად წარადგინოს. 

დაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • სამოტივაციო წერილი.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ ხდება. სტუდენტები აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სემესტრული სწავლის გადასახადის 50%, 70% ან 100%-ით ფინანსდებიან, სასწავლო გრანტის 2250 ლარის ფარგლებში.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ 2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. 2018 წელს კი პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა და 1 200 000 ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დაფინანსდა 1 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტი.

მერიაში აღნიშნავენ, რომ პროგრამის განმახორციელებელი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურია.

კომენტარები