საქართველო-ლატვიას შეხვედრა

შსს: კანონის ფარგლებში უზრუნველვყოფთ დინამოზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას

9 სექტემბერს დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მიმდინარეობისას "პოლიცია კანონის ფარგლებში უზრუნველყოფს წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას". ასე პასუხობენ შსს-ში ტაბულას კითხვას, თუ რა უსაფრთხოების ზომების მიღებას გეგმავს უწყება. დეტალებზე შსს არ საუბრობს. 

9 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველო-ლატვიის ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართება. მოედანზე იქნება საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელიც, LGBT უფლებების და თანასწორობის იდეის მხარდაჭერისთვის, საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიის სამიზნე გახდა.

"ქართულმა მარშმა" 3 სექტემბერს Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს 9 სექტემბერს სტადიონზე " გეი აღლუმი იგეგმება". დაჯგუფება ირწმუნება, რომ ამას "არ დაუშვებს".

"ქართველი ერი არ დაუშვებს 9 სექტემბერს სტადიონზე ლგბტ-ის მასობრივად გამოსვლას და ლგბტ სამკლაურებით აღლუმის ჩატარებას."ქართული მარში" აცხადებს,რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას, ამიტომ დროზე აკრძალეთ სოდომის ცოდვის ატრიბუტიკის გავრცელება !!!"- წერია "ქართული მარშის" გვერდზე.

სტადიონზე, სავარაუდოდ, მრავლად იქნება გურამ კაშიას მხარდასაჭერად მისული გულშემატკივარი.

LGBT უფლებების მხარდამჭერი სამკლავურით კაშიამ 2017 წლის ოქტომბერში, "ვიტესის" რიგებში ითამაშა. საქართველოში ჰომოფობთა აგრესიის მიუხედავად, მან თქვა, რომ ამას არ ნანობდა. 2018 წლის აგვისტოში UEFA-მ მას თანასწორობის ჯილდო გადასცა. ამას იმავე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა მოჰყვა. გურამ კაშიას მხარი მრავალმა ქართველმა სპორტსმენმა დაუჭირა.

 

 

 

კომენტარები