ხორავას ქუჩის საქმე

საგამოძიებო კომისია ირაკლი შოთაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის.

შესაბამისი რეკომენდაცია მოცემულია ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებულ დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში.

საპარლამენტო უმცირესობისა და კომისიის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ:

„ყოფილი მთავარი პროკურორის ქმედებებში იკვეთება როგორც სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, რაც გამოიხატა მისი სამსახურებრივი ვერტიკალის ქვეშ მოქმედი პროკურორების არაჯეროვან კონტროლში, ისე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები, რადგან გამოძიება იყო აშკარად ტენდენციური მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრებისადმი“.

კახიძის თქმითვე, რეკომენდაცია შემდეგ არგუმენტებს ეყრდნობა:

  • იმჟამინდელმა მთავარი პროკურორმა თავიდანვე, 1 დეკემბრიდანვე იცოდა, რომ საქმეში მირზა სუბელიანი მონაწილეობდა. იცოდა ისიც, რომ სუბელიანი ჭოჭმანობდა გადაწყვეტილების მიღებისას. მიუხედავად ამისა, მას არ მიუცია სუბელიანის დაკითხვის და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დავალება.
     
  • ამგვარი დავალება შოთაძეს არ გაუცია არც მას შემდეგ, რაც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მირზა სუბელიანი კალანდიების ეზოში იმყოფებოდა. არც მას შემდეგ, რაც ამის ამსახველი კადრები მედიით გავრცელდა.
     
  • ირაკლი შოთაძეს რეგულარულად ახსენებდნენ საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ის ინფორმირებული იყო საკვანძო დეტალების შესახებ. შოთაძემ დაუდასტურა კომისიას, რომ პროკურატურის ქვემდგომ პირებს დაავალა ყველა აუცილებელი მოქმედების ჩატარება, დამნაშავის გამოსავლენად. კომისიის წევრთა კითხვაზე, მიაჩნდა თუ არა, რომ მისი დავალება შესრულდა, მან თქვა, რომ ყველა აუცილებელი მოქმედება ჩატარდა.
     
  • კომისიის აზრით, შოთაძე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, როდესაც 31 მაისს საჯარო განცხადებაში, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ, მიუთითა, რომ გ.ბ-ს დანაზე დავით სარალიძის სისხლი აღმოჩნდა. კომისიის დასკვნით, გამოძიება სწორედ იმით იყო მიკერძოებული მირზა სუბელიანის და მისი ნათესავების სასარგებლოდ, რომ ცდილობდა, შემოფარგლულიყო მხოლოდ ორი პირის (გ.ბ-ს და გ.ჯ-ს) მხილებით, მ.კ-ს. ა.ს-ს და სხვა ფიგურანტების ვერსიებზე კი განზრახ არ მუშაობდა.
     
  • კომისია საეჭვო გარემოებად მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ივანე მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანასთან დაკავშირებულ შიდამოკვლევისა და გამოძიების საკითხს. სასჯელაღსრულების გენინსპექციამ, რომელსაც სუბელიანი ხელმძღვანელობდა და მთავარმა პროკურატურამ, შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს, ერთნაირი დასკვნა წარმოადგინეს. დასკვნა ეწინააღმდეგებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა და ერთხმად დაასკვნა, რომ ის ციხიდან გაიყვანეს.

„კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა მოტივი ან მოტივები ამოძრავებდა ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მირზა სუბელიანისთვის დახმარების გაწევისას. იყო ეს კოლეგიური ურთიერთობიდან გამომდინარე, პირადი, მეგობრული დამოკიდებულება; მირზა სუბელიანის ნათესაური ურთიერთობა მთავრობის წევრთან სოზარ სუბართან; თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მოკვლევის და გამოძიების პროცესში ოთარ ფარცხალაძისთვის ხელის დასაფარებლად“, - ამბობს ოთარ კახიძე.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 31 მაისს, საპროტესტო ტალღის ფონზე დატოვა. მან კომისიის კითხვებს 3 აგვისტოს უპასუხა.

კომენტარები