მიგრაცია

ზურაბიშვილი სამიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე ქართული ოცნების ინიციატივას მხარს უჭერს

პარლამენტი

ქართული ოცნება საქართველოს ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრებას გეგმავს. ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის, ასევე დეპუტატების თქმით, ქვეყანაში სამიგრაციო "კარუსელი ტრიალებს." ცვლილებას მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. "ძალიან სწორია ! მივესალმები,"- წერს ზურაბიშვილის საკუთარ facebook-ზე.

საუბარია ერთწლიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის გამკაცრებაზე. ამ ნებართვის მიღება უცხოელებს შეუძლიათ იმ წინაპირობით, თუ საქართველოში შეიძენენ $35,000 ღირებულების უძრავ ქონებას. ოცნების დეპუტატების თქმით, მიგრანტები ამ ნორმას "კარუსელის" დასატრიალებლად იყენებდნენ. 

"კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს,"- ამბობს კახა კალაძე.

"თუ დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდებოდა ერთწლიანი ბინადრობისუფლება, ახალი კანონით თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას. ანუ ფიქტიური გადაყიდვები, მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღების მიზნით შეუძლებელი გახდება!,"- ამბობს ოცნების დეპუტატი ილია წულაია. 

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მიხედვით ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა შემდეგნაირად:

"D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი."

მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციის სამინისტრო და შსს არიან. 

კომენტარები