გურამ კაშია

მორგოშია: კაშიას მხარდამჭერებს არ დავუპირისპირდებით, თუ ესეთი საერთოდ არის ვინმე

გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული მუქარის გამო, ქართული მარშის წევრი კონსტანტინე მოგროშია პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს.

კონსტანტინე მორგოშია 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით დაიმუქრა. 

თავად მორგოშია გამოკითხვის შემდეგ მუქარას უარყოფს და ამბობს, რომ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი დინამოსთან აქციასაც აანონსებს და ამბობს, რომ პროტესტს კანონის ფარგლებში გამოხატავს.

„ჩემი პოსტი მთავრდებოდა ესე, რომ შენც ჩამოხვალ 9-ში და დანარჩენს ნახავ. თუმცა, როდესაც გამომძიებლებმა ნახეს დანარჩენი ჩემი პოსტები, ანუ წინამორბედი, მიხვდნენ, რომ ცხრაში რაღაც არ იგეგმებოდა სხვა, იგეგმებოდა ერთადერთი ის აქტივობა, რაც დაახლოებით იყო რამდენიმე თვის წინ ქუთაისში საქართველო-ბელორუსის თამაშის დროს. ძალისმიერ მეთოდით ჩვენ არ შევსულვართ იქ. დავადასტურე ეგ აქტშიც, რომ ჩვენ ყველას გვქონდა შეძენილი ბილეთები,“ -თქვა კონსტანტინე მორგოშიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძენილი აქვთ თუ არა 9 სექტემბრის მატჩის ბილეთებიც, მორგოშია ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე იზრუნეს და პრობლემა არ იქნება.

„ჩვენ არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ, არც კაშიას მხარდამჭერებთან, თუ ესეთი საერთოდ არის ვინმე და არც არავისთან. ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და ვისაც უნდა რომ, ასე ვთქვათ, ამ მამათმავლების პროპაგანდას დაუჭიროს მხარი, ეს მათი ნებაა და მათი არჩევანია,“ - ამბობს მორგოშია. 

9 სექტემბერს თბილისში საფეხბურთო მატჩი გაიმართება, საქართველო ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს. 

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 24 აგვისტოს ფეისბუქის გვერდი წაშალა და ინსტაგრამის პრიფილი დახურა. მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა. 

გუშინ კი მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ის არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და რომ თუ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.

გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. #გურამშენთანვართ.

ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. 

UEFA კაშიას 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დღეს დააჯილდოვებს. 

კომენტარები