კახური ღორი

სამინისტრო: კახური ღორის აღდგენა-გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "კახური ღორის პოპულაციის აღდგენისა და გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს". უწყების ცნობით, "წარმატებული სასელექციო სამუშაოების შედეგად", დღეისათვის კრწანისის მეღორეობის ფერმაში უკვე მოშენებულია 200-მდე სული.

"ფერმა შეასრულებს პირველი რიგის რეპროდუქტორის ფუნქციას და საკერატეებითა და სანეზვეებით მოამარაგებს საოჯახო ფერმერულ მეურნეობებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თავად გაუწევს კახურ ღორზე ერთიანი სასელექციო პროცესს ხელმძღვანელობას" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან "დერაზა იბერიკო“, ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.

"პროექტი მიზნად ისახავს კახური ღორის აღდგენა-მოშენების ხელშეწყობას საქართველოში, მომთაბარე მეღორეობის აღორძინებასა და ღორის მოშენების ინტენსიურ სისტემებზე გადასვლას, ტყის ნაყოფების რეზერვების გამოყენებას და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოებას, რისგანაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი "ჰამონი“ დამზადდება. ცენტრის სპეციალისტებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად უკვე ჩაატარეს კახური ღორის პირველი დაკვლები, ამჟამად დასრულებულია ხორცის ნედლად შრობის ექსპერიმენტი და მიღებულია პირველი ქართული "ჰამონი“ - აცხადებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროექტის თანადამფინანსებელი საპარტნიორო ფონდია. ის ნაყოფისმომცემი ტყეების რეგიონებში,  1200 ნეზვზე გათვლილ 9 ფერმას ააშენებს. პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების პროცესშია.

კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია.

"ის საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს. საქართველოს რეგიონებში არსებული ნაყოფისმომცემი ტყის მასივების რაციონალურად გამოყენება კახური ღორის საშუალო ფერმერული და საოჯახო მეურნეობების კარგად განვითარების შესაძლებლობას იძლევა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები