ჯონ მაკკეინი

ბახტაძე მაკკეინის დაკრძალვას არ დაესწრება, ამბობს რომ აშშ-ში გუნდის წევრები ჩავლენ

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არიზონას სენატორის ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. ბახტაძის თქმით, აშშ-ში "აუცილებლად გაემგზავრებიან პოლიტიკური გუნდის წევრები". ბახტაძე მხოლოდ აშშ-ის საელჩოში მისლვას გეგმავს, სადაც სამძიმრის წიგნში დატოვებს ჩანაწერს. 

"მაკკეინი, ის გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი. მას ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენი ერისთვის განსაკუთრებით მძიმე წუთები იდგა. ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს გავაკეთებ სამძიმრის ჩასნაწერს აშშ-ის საელჩოში გახსნილ წიგნში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან აშშ-ში,"- ამბობს ბახტაძე.

81 წლის ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს გარდაიცვალა. არიზონას სენატორს საქართველომ 2010 წელს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. 

ჯონ მაკკეინს კვირას, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, აშშ-ის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები