ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი მაიკ პომპეოს ვიზიტი გააუქმა

კიმ ჩენ ინი, დონალდ ტრამპი
EPA

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი გააუქმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, დენუკლეარიზაციის საკითხთან მოლაპარაკებაში "საკმარისი პროგრესი არ არის".

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პომპეო მას შემდეგ გაემგზავრება ჩრდილოეთ კორეაში, როდესაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა მოგვარდება. 

შეგახსენებთ, რომ The Washington Post - მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული შეთანხმების მიუხედავად ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნას აგრძელებს.

აღნიშნული ცნობა სადაზვერვო სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელებიც ლოკაციაზე, სადაც ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს ქმნის მუდმივ აქტივობას ასახავს. ფხენიანთან მდებარე ამ ქარხანაში საკონტინენტთაშორისო რაკეტა Hwasong-15 შეიქმნა. 

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთი ან ორი ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნაზე მუშაობს.

გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოსაცდელი ბაზის ნაწილის დაშლა დაიწყო.

მიმდინარე წლის ივნისში სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოსაცდელ ბაზებს გაანადგურებდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა რომელ ბაზებზე იყო საუბარი. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისათვის მუშაობაზეც შეთანხმდნენ.

მიუხედავად ამისა, გასული თვის ბოლოს ამერიკულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის საკვლევი ცენტრები უმჯობესდება.

კომენტარები