რუსეთი-უკრაინა

უკრაინული მედია: რუსეთი აზოვის ზღვაში უკრაინულ პორტებში ხომალდებს აღარ უშვებს

Wikipedia

უკრაინული მედიის მიხედვით რუსეთი აზოვის ზღვაზე სრული კონტროლის გავრცელებას ცდილობს და უკრაინულ პორტებში გემებს არ უშვებს.

ჟურნალისტმა ანდრეი კლიმენკომ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა:

"2018 წლის 14 აგვისტოდან 21 აგვისტომდე რუსეთის ფედერაციამ არც ერთ ხომალდს არ მისცა უფლება შესულიყო შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში უკრაინულ პორტებში."

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეგ სლობოდიანის მიხედვით რუსეთმა ქერჩის სრუტეში 150 უცხოური ხომალდი გააჩერა და აზოვის ზღვაში უკრაინულ პორტებში შესვლის უფლება არ მისცა. სლობოდიანის თქმით აზოვის ზღვაში უკრაინულ პორტებში შესასვლის უფლების მისაღებად გემებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი და შემოწმების გავლა, ხოლო ის გემები, რომლებიც რუსული პორტებისაკენ მიემართებიან ქერჩის სრუტეს დაყოვნების გარეშე გადიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ევროკავშირმა 6 რუსულ კომპანიას, რომლებიც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში არიან ჩართული, სანქციები დაუწესა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მსგავის ხიდის მშენებლობას უკანონოა და უკრაინის სუვერენიტეტს არღვევს.

"მათი ქმედებებით ეს კომპანიები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ არალეგალურად ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის კონსოლიდაციას, რაც კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას." ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა 3.6 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. მისი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა მაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოს გახსნა.

კომენტარები