აგელა მერკელის ვიზიტი

მერკელის ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი - ხელი მოეწერა €193 მილიონის სასესხო დაფინანსებას

გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა €193 მილიონი ევროს დაფინანსების ხელშეკრულება. ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრმა თომას ბარაისმა ხელი მოაწერა ორ ახალ ხელშეკრულებას, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი და მოწესრიგდება წყალმომარაგების სისტემა. 

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით გამოყო 150 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის. მთლიანი საინვესტიციო თანხა წარმოადგენს 220-250 მილიონ ევროს და KfW-სთან ერთად მის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC). მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით 400 მილიონი კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15% პროცენტს წარმოადგენს. 

გარდა ამისა BMZ-ის დავალებით KfW-მ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას და ასევე თანმდევ ღონისძიებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ ღონისძიების თანადაფინანსება 7 მილიონი ევროთი მოხდება ევროკავშირის დანამატების ფონდიდან. ამ პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს დაახლოებით 215 ათას ადამიანს აჭარის ქალაქური ტიპის დასახლებებსა და სოფლებში.

მიწისქვეშა გაზსაცავი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. გასული 4 წლის განმავლობაში მთავრობა არაერთ საერთაშორისო ინვესტორთან ცდილობდა პროექტის დასაფინანსებლად სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას.

კომენტარები