თამაზ ახობაძე

ახობაძე: სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, სამსახურში ჩემი ინიციატივით მივალ

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თამაზ ახობაძე გეგმავს, ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 10 საათზე დანაშაულის პრევენციის ცენტრში, თავის სამსახურში გამოცხადდეს. 

ახობაძემ უწყებას უზენაეს სასამართლოში დავა ორჯერ მოუგო, თუმცა აღსრულების ბიურო გადაწყვეტილებას არ აღასრულებს. 

"გუშინ დავწერე, რომ თუ დღეს აღსრულების ეროვნული ბიურო არ მომაწოდებდა ახალ ინფორმაციას ჩემი საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით, ზეგ [ანუ უკვე ხვალ] მივდიოდი სამსახურში.

რა თქმა უნდა, აღსრულების ეროვნული ბიურო-ს არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის ცხადია, რომ ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნური შეფერხება.

ამიტომ, ხვალ 10:00 საათზე, ამობეჭდილი დოკუმენტებით - სასამართლოს გადაწყვეტილებები, სააღსრულებო ფურცელი - ჩემი ინიციატივით მივდივარ სამსახურში, დანაშაულის პრევენციის ცენტრში, წერეთლის 8 ნომერში.

აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ გარდა თეა წულუკიანისა, ჩემი საქმის აღუსრულებლობაში წვლილი მიუძღვით:

  • თეა წულუკიანის მოადგილეს, მიხეილ სარჯველაძეს;
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, იოსებ ბაღათურიას;
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის ბიუროს უფროსს, ლევან გარაყანიძეს;
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს, მაია ბარათაშვილს;
  • დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორს, თათია ხოჭოლავას", - წერს ახობაძე. 

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზანეს სასამართლოში მეორედ 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსიტიციის სამინსიტროს უკვე მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 8 თვის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანა სუბელიანს აცნობა, რომ აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა.

თამაზ ახობაძის შემთხვევაში კი, იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტცნციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

კომენტარები