აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, რომელსაც დღეს თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს, 26 აგვისტოს საბერძნეთში უფასოდ გაემგზავრება. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადევს, რომ ავიაკომპანია Wizz Air-თან შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან.

"ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანია "ვიზეარს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან", - ’ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს აქტივისტმა მარი კორკოტაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელმა დაურეკა და უთხრა, რომ საბერძნეთში ვერ ბრუნდებოდა, ვინაიდან გაფრენამდე ორი საათით ადრე ბავშვს შეტევა დაემართა, რის გამოც დედა-შვილი თვითმფრინავში არ აუშვეს. 

"როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშვის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავშვი მშვიდად არის და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითმფრინავი და ისტერიკა ჩაჯდომამდე ემართება. როგორც კი ჩაჯდება თვითმფრინავში, ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.

ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით, აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიყავს ბავშვი.

ბავშვს არ უშვებენ თვითმფრინავში, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!

ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია ისევ იგივე დღეში არ ჩააგდონ", - დაწერა მარი კორკოტაძემ ფეისბუქზე. 

კომენტარები