ჯგუფური თაღლითობა

ჯგუფური თაღლითობა - "ეფიქს ბიზნეს გრუპის" ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და შპს "ეფიქს ბიზნეს გრუპის“ ხელმძღვანელ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამივე მათგანს გამოძიება ორგანიზებულ ჯგუფურ თაღლითობას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლას ედავება. წარდგენილი მუხლები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ი.ჭ.-მ, გ.ჭ.-მ და გ.კ.-მ 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს "ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე შეიტანდნენ თანხას, დაეხმარებოდნენ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, დაახლოებით 500 000 ლარი, რასაც ეუფლებოდნენ უკანონოდ, რის შემდგომაც ხელოვნური მანიპულირების და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით ცვლიდნენ დაზარალებულების ე.წ "სამუშაო კაბინეტის“ კომპიუტერულ მონაცემებს, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წააგეს წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად და არ ჰქონოდათ პრეტენზიები კომპანიის მიმართ" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები