ჯონ ბოლტონი

ბოლტონი: რუსეთი სირიაში გაიჭედა და რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად სხვებს ეძებს

ჯონ ბოლტონი
NYtimes

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან ურთიერთობის საკითხებზე Reuters-თან ისაუბრა.

მისი თქმით რუსეთის სირიაში "გაიჭედა" და ახლა სხვებს ეძებს, ვინ ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას დააფინანსებენ.

მისი აზრით აშშ-ს რუსეთთან მოლაპარაკებებში უპირატესობა აქვს, რადგან "რუსები ამ დროისათვის გაჭედილები არიან."

"არ მგონია, რომ სურდეთ იქ ჩარჩენა. ჩემი აზრით ევროპაში მათი გაშმაგებული დიპლომატიური აქტივობა აჩვენებს, რომ სურთ სხვა იპოვონ, ვინც სირიის რეკონსტრუქციის ხარჯებს დაფარავს - რაშიც შეიძლება ვერც მიაღწიონ წარმატებას."

"სირიაში ჩვენი ინტერესია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი გავანადგუროთ, ტერორიზმის მზარდ საფრთხეს გავუმკლავდეთ და ყურადღება მივაქციოთ ირანის შეიარაღებულ ძალებს. ეს არის საკითხები, რის გამოც იქ ვრჩებით." თქვა მან.

ბოლტონის თქმით ჰელსინკიში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მას არ შეუძლია აიძულოს ირანელები დატოვონ სირია. მისივე თქმით პუტინმა აღნიშნა, რომ მისი და ირანის ინტერესები ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა. "ამიტომ, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა როლი შეიძლება მან ითამაშოს. შევხედავთ, კონფლიქტის გადაჭრის რა პირობებზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ ერთ-ერთი პრერეკვიზიტი ირანის ძალების სირიიდან გასვლა იქნება." თქვა ბოლტონმა.

მისი აზრით ირანისათვის დაწესებულმა სანქციებმა მოსალოდნელზე ძლიერი ეფექტი მოახდინა, თუმცა ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება ვაშინგტონის პოლიტიკის ნაწილს არ წარმოადგენს.

"სანქციების ხელახლა დაწესებამ, ჩვენი აზრით, უკვე იქონია საგრძნობი ეფექტი ირანის ეკონომიკაზე და საზოგადოების აზრზე... ჩემი აზრით ეფექტი იმაზე ძლიერია, ვიდრე მოველოდით... ირანში რეჟიმის ცვლილება ამერიკის პოლიტიკის ნაწილი არ არის. მაგრამ ჩვენ გვსურს მასიური ცვლილება რეჟიმის ქცევებში... ჩვენ სხვა ზომებსაც მივიღებთ, გარდა ეკონომიკური სანქიებისა." თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ზომებზეა საუბარი.

"ჩვენ ველით, რომ ევროპელები დაინახავენ, რომ არჩევანი ირანთან ბიზნესის კეთებასა და აშშ-სთან ბიზნესის კეთებას შორის ძალიან ნათელია... ჩვენ ვნახავთ რა მოხდება ნოემბერში. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად ჩამოაყალიბა, რომ მას სურს მაქსიმალური ზეწოლის მოხდენა ირანზე... არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი იმის თაობაზე, რომ აშშ-ს ამ საკითხის მშვიდობიანად გადაჭრა სურს, თუმცა ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ ირანის მიერ შექმნილ ნებისმიერ ვითარებას." თქვა ბოლტონმა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის აზრით პასტორ ენდრიუ ბრანსოსნის გათავისუფლებისთანავე თურქეთში ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი დასრულდება.

"თურქეთის მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პასტორი ბრანსონი არ გაათავისუფლა. ეს შეცდომა გრძელდება ყოველ დღე. ეს კრიზისი მაშინათვე მორჩება, როგორც კი ისინი სწორად მოიქცევიან, როგორც NATO-ს პარტნიორები, როგორც დასავლეთის ნაწილი, და გაათავისუფლებენ ბრანსონს პირობების გარეშე." თქვა ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმა მის დროშაზე ან ისლამში ლოცვისაკენ მოწოდება თავდასხმას შეადარა და თქვა, რომ თქვა, რომ თურქეთი ეკონომიკურ ზეწოლას არ შეუშინდება.

აშშ-მა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა ირანსაც.

სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ირანის ისლამური რესპუბლიკის დასამხობად სპეციალური სამოქმედო ჯგუფი არსებობს, თუმცა ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას ირანის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებსა და რეჟიმის ძალებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები