Facebook

Facebook-მა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული 652 ყალბი ანგარიში წაშალა

Reuters

Facebook-მა 652 ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებიც, კომპანიის თქმით, რუსეთთან და ირანთა იყო დაკავშირებული და აშშ-ზე, დიდ ბრიტანეთზე, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდა.

კომპანიის მიხედვით, "Liberty Front Press"-ის ქვეშ გაერთიანებული 74 გვერდი, 70 ანგარიში და 3 ჯგუფი ირანის სახელმწიფო მედიასთან იყო დაკავშირებული და ირანის პოლიტიკური ინტერესების გავრცელებას ემსახურებოდა. გვერდებს 155,000 მიმდევარი ჰყავდა და Facebook-ზე რეკლამებში 6,000 აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

ამავე კამპანიასთან დაკავშირებული მეორე ჯგუფი კიბერ-თავდასხმებში იყო ჩართული და ანგარიშების გატეხვას და მავნე პროგრამების გავრცელებას ცდილობდა.

კომპანიამ ასევე აღმოაჩინა რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები, რომლებიც სირიისა და უკრაინის საკითხებზე პრო-რუსულ გზავნილებს ავრცელებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ Microsoft-მა რუსი ჰაკერების მიერ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე პოლიტიკურ ჯგუფებზე თავდასხმის ახალი მცდელობა გამოავლინა.

კომპანიის თქმით რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ყალბი დომეინები შექმნა, რომლებსაც the Hudson Institute-ის,  International Republican Institute-ის და სენატის ვებ-გვერდებს ჰგავდა და მათზე შესვლის შემდეგ ჰაკერები მომხმარებლების კომპიუტერში შეღწევას ახერხებდნენ.

ერთი კვირით ადრე კომპანიამ დაადგინა, რომ რუსი ჰაკერები მისურის შტატის დემოკრატი სენატორის კომპიუტერში შეღწევასაც ცდილობდნენ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით თავდასხმა ერთი კონკრეტული პარტიის თუ კანდიდატის მხარდაჭერას არ ემსახურებადა და მის ფოკუსს დემოკრატიის შერყევა წარმოადგენს.

კომენტარები