წითელა

WHO: საქართველო წითელათი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით ევროპაში მესამეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული. ამის შესახებ BBC წერს.

ათეულში პირველ ადგილზე სერბეთია, მეორეზე უკრაინა, მესამეზე კი – საქართველო.

2018 წელს ევროპის მასშტაბით, წითელათი ინფიცირების 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 37 პაციენტი გარდაიცვალა. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, პაციენტების რაოდენობა გაზრდილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა 37 ათასს არ აღემატებოდა.

ექსპერტების ამბობენ, რომ წითელათი ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ვაქცინაციისთვის იშვიათად მიმართვის პრობლემამ გამოიწვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირს მოუწოდა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ და ევროპის თითოეულმა ქვეყანამ მოსახლეობას ვაქცინაცია დროულად უნდა ჩაუტაროს.

წითელას ვირუსული ინფექციის გავრცელების მიხედვით, ათეულში შედიან:

  • საბერძნეთი
  • რუმინეთი 
  • იტალია 
  • საფრანგეთი
  • სლოვაკეთი 
  • რუსეთი
  • დიდი ბრიტანეთი

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი.

კომენტარები