კრიმინალი

შსს: ქარელში ჯარისკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელში, ჯარისკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს - 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. გ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.თ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ქარელში ჯარისკაცი მეზობლის შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. შსს-ში ამბობდნენ, რომ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, მაგრამ იმ დროისთვის დაკავებული არ იყო, რადგან მისი მონათხრობი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო.

როგორც ტაბულას უწყებაში განუმარტეს, სწორედ ამის მტკიცებულებების მიღების შემდეგ დააკავეს ბრალდებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მოკლული სამხედრო მოსამსახურე უქმეებზე თავის სოფელში, ოჯახთან იმყოფებოდა.

კომენტარები