საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: ბავშვზე ძალადობის დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა პრობლემად რჩება

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი 16 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობას ეხმაურება, რომლის სავარაუდო მიზეზი მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. ომბუდსმენი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.

სახალხო დამცველის განცხადებით, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება.

"საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის", - აღნიშნავს ომბუდსმენის აპარატი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ბავშვის ძალადობისგან დაცვისთვის მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის იქნება მისაწვდომი. განცხადების მიხედვით, სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, არსებულ საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს.

ომბუდსმენი საუბრობს 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის შესახებაც, რომლის მიხედვით წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. მისი თქმით, შესწავლილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევებს მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერაც განაპირობებს. გარდა ამისა, ომბუდსმენის აღნიშნავს, რომ პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.

"განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ მნიშნელოვანია მყისიერად გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში;
  • საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
  • სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას;
  • გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება მედიის მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს და ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. სახალხო დამცველის თქმით, 16 წლის გოგოს თვითმკვლელობის შემთხვევის გაშუქებისას ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები გასაჯაროვდა, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უგულებელყოფს.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

გურიაში 16 წლის გოგომ თავი რამდენიმე დღის წინ ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 22 წლის პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმდა და ამ ეტაპზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებითაც მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, ინფორმაციით, დაკავებულმა მსხვერპლს შანტაჟის გზით ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გადააღებინა და მასთან გააგზავნინა, შემდეგ კი მათი გამოქვეყნებით ემუქრებოდა. სწორედ ამას მოყვა თვითმკვლელობა. 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები