ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა: ქართველები მტრად არ მიმაჩნია და დროა, დიალოგსა და საერთო მომავალზე ვიფიქროთ

Itar-Tass

მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერმინისტრმა, სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

შამბა ამბობს, რომ ურთიერთობების დალაგების დრო მოვიდა.

"შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ეს ბედისწერამ განაპირობა. ოდესღაც ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ ერთმანეთთან კონფლიქტი, თუმცა გადის დრო და საჭიროა დალაგდეს ურთიერთობები. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება",- ამბობს შამბა. 

შამბამ საქართველოს მთავრობასთან ადრე მიმდინარე სხვადასხვა მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საბოლოოდ, ყველა ეს ურთიერთობა უშედეგო იყო. 

„ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა და მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ”– თქვა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ჩარევის დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ მთელი პროცესი შეჩერდა.

მისი თქმით, ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება.

"მიმაჩნია,რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“, – ამბობს შამბა ინტერვიუში. 

მისი თქმით, საქართველოს ბევრი პარტნიორი ჰყავს და მთელი მსოფლიო ეხმარება და ამიტომაც, აჭარის კურორტი მეტად განვითარდა.

"ჩვენ ორიენტირება მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე გვაქვს“,- აღნიშნა მან. 

შამბა ამბობს, რომ რუსეთის მიერ დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ "ბევრი პრობლემა გადაჭრა"

"დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, რადგან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც",- თქვა მან. 

შამბა ე.წ. პრემიერმინისტრის თანამდებობას ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი წლის განმავლობაში იკავებდა. ახლა კი ის ოპოზიციური პარტიის "ამცახარას' ერთ-ერთი ლიდერია.

 

კომენტარები