პარლამენტის ლოგო

პარლამენტის ახალი ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ლოგო იცვლება. პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის თქმით, ამ მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელსაც უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. 

მისივე თქმით, საკონკურსო კომისიაში პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები შედიან.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ატვირთული. ასევე, დღის განმავლობაში ამ კონკურსთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ საიტზე დაიდება. 

„თითოეულ კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს. წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში აუცილებლად 100%-ით ორიგინალი უნდა იყოს და არ შეიცავდეს პლაგიატს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენილ ლოგოში არ უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტის არც ერთი შენობის კონტურები“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საკონკურსო წინადადებების გაგზავნა 19-დან 24 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებული 2 500 ლარის ფარგლებში ჰონორარს მიიღებს. 

კომენტარები