პარლამენტის ლოგო

საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის ლოგოს შეცვლა სურს

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოს ახალი ლოგო ექნება. ლოგოს პროექტზე დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. ახალ ლოგოზე თბილისის პარლამენტის შენობაა გამოსახული. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის შეფასებით, ცვლილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მან ბიუროს სხდომა საკითხის განხილვისას პროტესტის ნიშნად დატოვა. თევდორაძის თქმით, ლოგოს შესახებ მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს.

ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით კი, პარლამენტს თავისი ლოგო უნდა ჰქონდეს და საკანონმდებლო ორგანოს საკუთრებას მხოლოდ თბილისში მდებარე შენობა წარმოადგენს.

"ერთადერთი შენობა, რომელიც პარლამენტის საკუთრებაშია და მის ბალანსზეა, სწორედ თბილისის პარლამენტის შენობაა. ეს შენობა, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, არ არის პარლამენტის საკუთრება. არ არის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი, დაუმთავრებელი შეობაა და აქ ყველანაირი იურიდიული საფუძვლის გარეშე ვიმყოფებით. შესაბამისად, ლოგოზე სხვა შენობა ვერ იქნებოდა გამოსახული გარდა იმისა, რაც სამართლებრივად არის პარლამენტის საკუთრებაში", - განმარტავს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის განხილვას, რომლის თანახმადაც პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში იკრიბება, იურიდიული კომიტეტი ხვალ დაიწყებს.

პარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეჩერებული სესიები, დღეიდან განახლდა. საკანონმდებლო ორგანო კვირის განმავლობაში ორ საკონსტიტუციო ცვლილებას განიხილავს. ესენია, კვორუმის დაწევა ¾-დან 2/3-მდე და პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის შეცვლა. საპარლამენტო უმცირესობა შენობის გადატანას ეწინააღმდეგება, უმრავლესობას კი იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს.

კომენტარები