გრიგორი კარასინი

კარასინი: 2008 წელს სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და წააგო, ნებისმიერი აგრესია დაისჯება

euractiv.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ თბილისმა და სხვა დედაქალაქებმა 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითზე უნდა გამოიტანონ დასკვნა, რომ აგრესია დაისჯება.

"მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ყოველთვის ემართებათ აზარტულ და უპასუხისმგებლო მმართველებს, წააგო. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სისხლიანი აგრესიის პასუხად მან მიიღო აბსოლიტურად ახალი რეალობა ორი ახალი სახელმწიფოს არსებობისა, რომელბიც ჩვენ 2008 წელის 26 აგვისტოს ვცანით. ესენია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთანაც ვავითარებთ ურთიერთობებს და ასე გავაგრძელებთ.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

იმედი მაქვს, რომ თბილისსა და სხვა დედაქალაქებში, არამარტო კავკასიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გააკეთებენ დასკვნას აგრესიული ქმედებების შესახებ. 2008 წელიდან ამ მოვლენებმა, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბისაა, აჩვენა, რომ ნებისმიერი აგრესია ისჯება და ნებისმიერი აგრესიული ქმედების შედეგი იმის საპირისპიროა, რაც აგრესორმა ჩაიფიქრა." თქვა კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

გორის მუნიციპალიტეტში ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

კომენტარები