ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძის და მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ სტრასბურგში მათი ვიზიტი ჩაშალა

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა მათ სტრასბურგში გამგზავრებას ხელი შეუშალეს. რუსთავი 2-ის ეთერში სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან ერთად ისაუბრა გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა ელისო კილაძემ, რომელიც ვიზიტის ორგანიზატორი იყო. როგორც კილაძე, მაჩალიკაშვილი და სარალიძე აცხადებენ, სუს-მა გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მათში ერთერთი ტერორისტი იყო.

"ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა სპეციალურად. იქიდან გამომდინარე, რასაც გუშინ ვუსმინეთ კომისიაზე, ბატონი შოთაძის გამოსვლას, ეს პირდაპირი მესიჯი იყო იმის, რომ არავის დაკავებას არ აპირებენ ესენი. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განადგურება. ეს არის უმეცარი ნაბიჯი ამ ხელისუფლებიდან, რაც გადადგეს, რომ ჩვენ დაგვადანაშაულეს უკვე ტერორიზმში. ბატონი მალხაზი სავარაუდოდ, პირდაპირ დაასახელეს ტერიტორისტად, თუმცა სამი მივემგზავრებოდით და ზუსტად არ ვიცი, რომელს გვაცხადებენ ტერორისტად. ამას აუცილებლად დავადგენთ. თუ ბატონი მალხაზი დაადანაშაულეს ტერორიზმში, ესე იგი, მე და ელისო კილაძე ვართ ხელის შემწყობი, გამოდის, რომ ტერორისტები ვართ ჩვენ. მიზეზი იყო ჩვენი ნეიტრალიზება, რომ საქმეები საზღვარგარეთ ვერ გავიტანოთ,"- ამბობს ზაზა სარალიძე.

"მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ წავიდე სტრასბურგში და ჩემი სიმართლე დავამტკიცო. ვიყავი დაკავებისთვის განწირული. მერე ალბათ, მთელ ევროპას მოედებოდა ხმა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში არის ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეექმნებოდათ პრობლემები. ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს, გაოგნებული ვარ,"- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

"გერმანიის ფედერალურ პოლიციაში გამოძიება დაწყებულია იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა, ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი დოკუმენტი. მე ყველა მასალას, ჩვენი ბრიფინგის და წერილების ჩათვლით ორშაბათს გადავაგზავნი,"- ამბობს ელისო კილაძე.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში დღეს ღამით გეგმავდნენ გამგზავრებას, ისინი უცხოელ იურისტებთან გეგმავდნენ შეხვედრას.

კომენტარები