ენტონი ბურდენი

ცნობილი შეფ-მზარეული, ენტონი ბურდენი თვითმკვლელობამდე მარტოსულობაზე საუბრობდა

იტალიელმა მსახიობმა, მომღერალმა, მოდელმა და აქტივისტმა, აზია არჯენტომ დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი მეგობარი მამაკაცი, ცნობილი შეფ-მზარეული ენტონი ბურდენი თვითმკვლელობაზე საჯაროდ საუბრობდა.

საქმე იმაშია, რომ ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი ბურდენის თვითმკვლელობის მიზეზად სწორედ აზია არჯენტოს ასახელებდა.

"მისი ამ აკვიატების შესახებ არაფერი ვიცოდი, მას ეს ჩემთვის არასდროს უთქვამს", - დაწერა მსახიობმა ტვიტერზე.

გამოქვეყნებული მასალებში ენტონი ბურდენი ამბობს, რომ თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობს. ის ასევე ყვება, რომ ისეთი მარტივი რაღაცის გამოც, როგორიც აეროპორტში ცუდი ბურგერია, შესაძლოა დეპრესიის სპირალში შევიდეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.

გარდა ამისა, მსახიობის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დეტალურადაა აღწერილი 19 სხვადასხვა შემთხვევა, როცა გარდაცვლილმა შეფ-მზარეულმა საჯაროდ ისაუბრა თვითმკვლელობაზე. პირველი ასეთი განცხადება მას 2000 წელს აქვს გაკეთებული, ბოლო კი 2017 წლის ოქტომბერში.

ცნობილი შეფ-მზარეულისა და CNN-ის წამყვანის, ენტონი ბურდენის თვითმკვლელობის შესახებ ცნობილი 2018 წლის 8 ივნისს გახდა. თვითმკვლელობის დროს ის საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში სატელევიზიო შოუს გადაღებაზე იმყოფებოდა. ბურდენის ცხედარი მისმა მეგობარმა ერიკ რიპემ სასტუმროს ოთახში იპოვა.

შეფ-მზარეულის თვითმკვლელობის შემდეგ, ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი და ყვითელი მედია ამაში მის მეგობარს, მსახიობ აზია არჯენტოს ადანაშაულებდა, რომელიც კამპანია #MeToo-ს აქტივისტიცაა. ისინი წერდნენ, რომ რამდენიმე დღით ადრე, მსახიობი სხვა კაცთან ერთად, რომში შენიშნეს და სწორედ ეს გახდა შეფ-მზარეულის თვითმკვლელობის მიზეზი. გარდა ამისა, იყო მოსაზრებებიც იმის შესახებ, რომ მსახობმა ბოიფრენდის სტატუსი და მოძრაობა #MeToo თავისი კარიერისთვის გამოიყენა.

ბრალდებებს მოძრაობის განცხადება მოჰყვა, სადაც მსახიობს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

ენტონი ბურდენმა აზია არჯენტო 2016 წელს, გადაღებებზე გაიცნო. 2017 წლიდან ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ენტონი ბურდენი ცნობილი 2000 წელს ბესტსელერ "კონფიდენციალური სამზარეულოს" გამოქვეყნებით გახდა. წიგნში ის ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრობდა. 

2013 წელს შეფ-მზარეული CNN-ის გადაცემა "Parts Unknown"-ის წამყვანი გახდა. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და მაყურებელს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ხალხს აცნობდა. 

2015 წლის ნოემბერში ენტონი ბურდენი საქართველოშიც იმყოფებოდა. მან გადაცემა საქართველოს კულტურის პოლიტიკისა და კულინარიის შესახებ მოამზადა, რომლის პრემიერა 2016 წლის 22 მაისს შედგა.

კომენტარები