აშშ-ჩრდილოეთ კორეა

პომპეო: ჩრდილოეთ კორეის ქმედებები მათ მიერ დადებულ პირობას არ შეესაბამება

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის პროგრამებზე მუშაობის გაგრძელება დენუკლეარიზაციის თაობაზე მათ მიერ დადებულ პირობას არ შეესაბამება.

"თავმჯდომარე კიმმა დადო ბირთვული განიარაღების პირობა. მსოფლიომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით მოითხოვა, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ისინი ამ პირობასთან შეუსაბამოდ იქცევიან, არღვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სასურველი შედეგის მისაღებად." თქვა პომპეომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ The Washington Post ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეა ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული შეთანხმების მიუხედავად ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნას აგრძელებს.

აღნიშნული ცნობა სადაზვერვო სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვრცელდება, რომელებიც ლოკაციაზე, სადაც ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს ქმნის მუდმივ აქტივობას ასახავს. ფხენიანთან მდებარე ამ ქარხანაში საკონტინენტთაშორისო რაკეტა Hwasong-15 შეიქმნა. 

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთი ან ორი ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნაზე მუშაობს.

გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოსაცდელი ბაზის ნაწილის დაშლა დაიწყო.

მიმდინარე წლის ივნისში სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოსაცდელ ბაზებს გაანადგურებდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა რომელ ბაზებზე იყო საუბარი. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისათვის მუშაობაზეც შეთანხმდნენ.

მიუხედავად ამისა, გასული თვის ბოლოს ამერიკულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის საკვლევი ცენტრები უმჯობესდება.

კომენტარები