ოჯახში ძალადობა

სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

flickr

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ხ.კ დამნაშავედ სცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას ბრალად ოჯახში 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობა ედებოდა.  

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამმა ხ.კ-მ ქობულეთში, თავის სახლში ცოლს, ა.კ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულებით, აგრესიით აიძულებდა გარკვეული მოქმედების შესრულებას. 

ამის შემდეგ ხ.კ-მ ცოლს სახეში დაარტყა, ყელში ხელი წაუჭირა, ძირს დააგდო და სცემა. 

ხ.კ.-ს ქმედებით ა.კ.-მ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ ხ.კ მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემურად ძალადობდა. 

სამართალდამცველებმა ხ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 16 მაისს ქობულეთში დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათგან 1 წელს ხ.კ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, მომდევნო 1 წელს კი - პირობით გამოსაცდელი ვადით. 

კომენტარები