აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ამერიკული მედიის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობას აგრძელებს

KCNA

The Washington Post ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრიდლოეთ კორეა ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული შეთანხმების მიუხედავად ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნას აგრძელებს.

აღნიშნული ცნობა სადაზვერვო სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვრცელდება, რომელებიც ლოკაციაზე, სადაც ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს ქმნის მუდმივ აქტივობას ასახავს. ფხენიანთან მდებარე ამ ქარხანაში საკონტინენტთაშორისო რაკეტა Hwasong-15 შეიქმნა. 

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთი ან ორი ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოსაცდელი ბაზის ნაწილის დაშლა დაიწყო.

მიმდინარე წლის ივნისში სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოსაცდელ ბაზებს გაანადგურებდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა რომელ ბაზებზე იყო საუბარი. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისათვის მუშაობაზეც შეთანხმდნენ.

მიუხედავად ამისა, გასული თვის ბოლოს ამერიკულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის საკვლევი ცენტრები უმჯობესდება.

კომენტარები