კარლეს პუჩდემონი

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი გერმანიიდან ბელგიაში დაბრუნდა

კარლოს პუჩემონტი
AFP

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი გერმანიიდან ბელგიაში დაბრუნდა. გერმანიის სასამართლომ ესპანეთის მოთხოვნა პუჩდემონის ექსტრადიციის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

პუჩდემონის თქმით ის ევროპაში მოგზაურობას გააგრძელებს და შეეცდება გაზარდოს კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა.

"ეს არ არის ჩემი ბოლო გაჩერება, ეს არ არის ჩემი მოგზაურობის დასასრული. მე ვიმოგზაურებ ევროპის გარშემო, კონტინენტის ოთხივე კუთხეში რათა დავიცვა ჩვენი საერთო საქმე." აღნიშნა პუჩდემონმა ბრიუსელში კატალონიის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ჟოაკიმ ტორასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პუჩდემონი ბრიუსელში ოქტომბერში გაიქცა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო. მათ ბრალად ამბოხება და ამბოხებისაკენ მოწოდება ედებათ. პუჩდემონი 25 მარტს გერმანიის ჩრდილოეთით დააკავეს, როდესაც ბელგიაში ფინეთიდან ბრუნდებოდა. მიმდინარე თვის დასწყისში გერმანიის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც პუჩდემონის ექსტრადირება დასაშვები იქნებოდა საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად, თუმცა არა ამბოხების ბრალდებით გასამართლებისათვის. ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადირების შემთხვევაში ესპანეთი პუჩდემონს ამბოხების ბრალდებით ვეღარ გაასამართლებდა. ესპანეთის სასამართლომ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პუჩდემონის დაკავების ორდერი გააუქმა. თუმცა, პუჩდემონისადმი წაყენებული ბრალდებები კვლავ ძალაში რჩება და ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში მას გაასამართლებენ.

კომენტარები