ისნის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია

სასამართლომ ისნის სპეცოპერაციის დროს დაკავებულები დამნაშავედ ცნო

Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შიოაიპ ბორზიევი და სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადებას, ტერორისტული საქმიანობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღის,  საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას ედავებოდა. 

ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფისათვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანატოლი ბერძენიშვილი, რამაზი მარგოშვილი, ზურაბი იდოიძე და რუსლან ალდამოვი. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო რუსლან შავაძე, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

ანატოლი ბერძენიშვილსა და რუსლან ალმადოვს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ზურაბ იდოიძეს 10 წლით, რამაზ მარგოშვილს კი 12 წლით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით ახმედ ჩატაევი, ასლამბეკ სოლტახმადოვი, შოაიპ ბორზიევი და რუსლან შავაძე ტერორისტულ ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს წევრები იყვნენ.

მათივე ცნობით, მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანების და ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი აიუფ ბორჩაშვილი და სხვა პირები. ახმედ ჩატაევმა მათი გათავისუფლების მიზნით ულტიტიმატუმი წამოაყენა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა და ტერორისტული აქტის მოწყობით დაიმუქრა. 

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, ისლამური სახელმწიფოს წევრები ახმედ ჩატაევი, აბუ ჰურეირა და რუსლან შავაძე საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდნენ ბადურ ჩოფანაშვილის, რუსლან ალდამოვის, ზურიკო გორნაკაშვილის, ზურაბ იდოიძისა და ანატოლი ბერძენიშვილის დახმარებით. ისინი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ზურიკო გორნაკაშვილის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ სახლში დაბინავდნენ და ტერორისტული აქტისთვის მზადება დაიწყეს. 

ნოემბრის დასაწყისში, ასლამბეკ სოლტახმადოვმა და ,,აბუ ჰურეირამ“ ყვარლის რაიონის შილდის ტყეში არსებული სამალავიდან  დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი , ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოთხარეს და რამაზ მარგოშვილის დახმარებით გადაზიდეს დროებით საცხოვრებელში.

2017 წლის 21 ნოემბერს, შოაიპ ბორზიევი დააკავეს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

შოაიპ ბორზიევის დაკავების შემდგომ, ახმედ ჩატაევი, ასლანბეკ სოლტახმადოვი და „აბუ ჰურეირა“ შეეცადნენ ზემოქმედება მოეხდინათ სამართალდამცავებზე და მოითხოვეს მის გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრნენ ტერორისტული აქტების მოწყობით. მას შემდეგ რაც მათი ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდა, სამართალდამცავების მიმართ ცეცხლის გახსეს და ააფეთქეს ხელყუმბარები.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, ტერორისტების წინააღმდეგ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ხუთმა სპეცრაზმელმა მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, სრულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მიმდებარე კორპუსები და მოქალაქეთა ქონება.

კომენტარები