აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კორეის ომის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რეპატრიაცია დაიწყო

Getty Images

გუშინ სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეიდან კორეის ომის დროს დაღუპულ ამერიკელთა ნეშტები გადაასვენეს.

სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის ბაზაზე თვითმფრინავს საპატიო ყარაული დახვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საკუთარ twitter-ზე მადლობა გადაუხადა:

"ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტები მალე დატოვებს ჩრდილოეთ კორეას და აშშ-ში ჩამოასვენებენ! ამდენი წლის შემდეგ, ეს დიდებული მომენტი იქნება ბევრი ოჯახისათვის. მადლობა კიმ ჩენ ინს."

დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები მათი ნეშტების დაბრუნებას წლების მანძილზე ელოდნენ. რეპატრიაციის თაობაზე შეთანხმებას აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტზე მიაღწიეს.

"აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა იმუშავებენ ომის ტყვეთა ნეშტების აღმოჩნაზე და ამოცნობილთა დაუყოვნებლივ რეპატრიაციაზე." ნათქვამი იყო ივნისში ორი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში.

გავრცელებული ცნობით, ამ დროისათვის აშშ-ს 55 ჯარისკაცის ნეშტი გადაეცა. ამოცნობის პროცედურას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.

1950-1953 წლებში კორეის ომში სამხრეთ კორეელი ჯარისკაცების გვერდით 326,000 ამერიკელი იბრძოდა. მათგან 5,300-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ისინი სავარაუდოდ ბრძოლის ველზე და ომის ტყვეთა ბანაკებში დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ უახლესი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოსაცდელი ბაზის ნაწილის დაშლაც დაიწყო.

აშშ-ის ინფორმაციით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოჰაეს ბაზა ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელად გამოიყენებოდა, თუმცა ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სატელიტების გასაშვებად იყო განკუთვნილი.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოსაცდელ ბაზებს გაანადგურებდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა რომელ ბაზებზე იყო საუბარი. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისათვის მუშაობაზეც შეთანხმდნენ.

კომენტარები