რატომ გვიყვარს თავის მოკატუნება, თითქოს რაღაცეები ვიცით? რატომ არის თავდაჯერებულობა ხშირად უცოდინრობის სიმპტომი? ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრებები აქვს ბრაუნის უნივერსიტეტის კოგნიტურ მეცნიერს, სტივენ სლომანს. მისი კვლევები განსჯის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს შეეხება.
"ადამიანები არ არიან დიდი მოაზროვნეები. ჩვენი მსჯელობა, გადაწყვეტილებები და დამოკიდებულებები მეტწილად განსაზღვრულია იმით, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები. თუ ადამიანები ჩვენს ირგვლივ ცდებიან, დიდია შანსი, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ",- ამტკიცებს სლომანი თავის წიგნში "The Knowledge Illusion: Why We Never Think Alone." ის მიჩნევს, რომ ადამიანების უმეტესობას, მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ს არ უყვარს ფიქრი, მათი შეხედულებები არა ფაქტებიდან, არამედ მათი სოციალური ჯგუფიდან გამომდინარეობს.
"წარმოიდგინეთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოთქვამთ აზრს, რომელიც ეწინააღმდეგება თქვენი სოციალური ჯგუფის შეხედულებებს. მაგალითად, მე რომ ვთქვა, რომ ტრამპს მივეცი ხმა, ჩემი კოლეგების უმეტესობა იფიქრებს, რომ გავგიჟდი და აღარ დამელაპარაკება", - ამბობს ის.
ეს ყველაფერი შესაძლოა საშიშიც იყოს. თუ მე მივიჩნევ, რომ ვერკვევი რაღაცაში, რადგან ადამიანებს ჩემს ირგვლივ ჰგონიათ, რომ ერკვევიან, თავის მხრივ კი, მათ ასე ჰგონიათ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ირგვლივ მყოფიადამიანებიც დარწმუნებულები არიან თავიანთ ცოდნაში. სავსებით შესაძლებელია, რომ შედეგად ყველას გვქონდეს განცდა, რომ რამე ვიცით და სინამდვილეში არავის გვქონდეს წარმოდგენა, თუ რაზეა საუბარი. ეს ილუზია თანაბრად შეეხება მემარჯვენეებს და მემარცხენეებს. ინტერნეტმა ეს ყველაფერი გაცილებით მასშტაბური გახადა, რადგან დღეს უფრო მარტივად შეგვიძლია დავუკავშირდეთ თანამოაზრეებს, რომლებიც ჩვენს ილუზიებს იზიარებენ.
სტივენ სლომანი თავისი ჰიპოთეზის გადამოწმებას ექსპერიმენტებით ცდილობს. მისი გუნდი პოულობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ადამიანებს და მათ შეკითხვებს უსვამს. მაგალითად, სთხოვს, რომ შეაფასონ საკუთარი თავი, თუ რამდენად ერკვევიან გარკვეულ პოლიტიკურ საკითხში, შემდეგ ეუბნება, რომ ახსნან ამ საკითხის არსი და შემდეგ კვლავ სთხოვს, რომ შეაფასონ საკუთარი ცოდნა. მან აღმოაჩინა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები საკითხის ახსნას ცდილობენ, ნაკლებად თავდაჯერებულები ხდებიან საკუთარი ცოდნის სიღრმესთან დაკავშირებით.





