მაიკ პომპეო

პომპეო: აშშ გმობს ყირიმის ანექსიას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის სენატორების შეკითხვებს უპასუხა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სამიტის თაობაზე. პომპეოს სამიტის შემდეგ პრეზიდენტთან გამართული ბრიფინგის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ტრამპის საგარეო პოლიტიკა დაიცვა.

ჩვენებამდე პომპეომ გაავრცელა განცხადება, სადაც ხელახლა ადასტურებს აშშ-ის პოზიციას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით.

"აშშ გმობს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მცდელობას და პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ამ პოლიტიკას მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. აშშ მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს იმ პრინციპებს, რაზეც დიდი ხანია ამბობს, რომ პატივს სცემს და დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია." ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

პომპეომ ამერიკელი სენატორები დაარწმუნა, რომ აშშ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნას არ აპირებს, სანამ რუსეთი ყირიმზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.

პომპეოს გამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ მათ იციან "მსგავსი განცხადებების ფასი."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავი შეიკავა მკაცრი პოზიციის დაფიქსირებისაგან რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თაობაზე. სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ლეგალური და რეფერენდუმზე დაფუძნებულია. წარსულში დონალდ ტრამპს ყირიმის ანექსიაზე გაკეთებულ კომენტარში ნათქვამი აქვს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მის წინამორბედს, ბარაკ ობამას ეკისრება.

კომენტარები