საგამოძიებო კომისია გლადნის ციხეში მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას კითხავს

News.ge

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. კომისიის სამკაციანი ჯგუფი წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავს.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, შეკითხვების დიდი ნაწილის ადრესატი მირზა სუბელიანი იქნება, რათა დადგინდეს, „რამდენად ერეოდა ის გამოძიებაში, რამდენად ტენდენციურად მიდიოდა გამოძიება იმის გამო, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის მონაწილეები მისი ოჯახის წევრები იყვნენ და ხომ არ არის მართლაც ისეთი გარემოებები, რომლებიც ადასტურებს მის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას გამოძიების არათანმიმდევრულად წარმართვისთვის“.

აბესაძის თქმითვე, საგამოძიებო ორგანოებმა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დააგვიანეს.

მკვლელობის ერთერთი მოწმის მამას, პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, მირზა სუბელიანს, წინასწარი პატიმრობა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აქვს შეფარდებული, კიდევ ერთი მოზარდის მამას თენგიზ კალანდიას კი - დანაშაულის დაფარვისთვის.

საგამოძიებო კომისიის შემდეგი სხდომა 23 ივლისს გაიმართება. სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავენ.

კომენტარები