კორუფცია

ეკონომიკის სამინისტრო: პროკურატურასთან ვითანამშრომლებთ და დოკუმენტაციას გადავცემთ

economy.ge

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, უწყება პროკურატურას მოთხოვნილ დოკუმენტაციას სრულად გადასცემს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მზად არის, საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს.

"მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას გადასცემს სრულ დოკუმენტაციას ე.წ. TIR პარკების მოწყობის თაობაზე სხვადასხვა კომპანიებისთვის ნებართვების გაცემის შესახებ, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებულ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია“, - აცხადებს უწყება.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

პროკურატურამ საქმეზე უკვე გამოკითხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. 

კომენტარები