კაპანაძე: ცრუ ჩვენებისთვის ადრეც უნდა დაეკავებინათ და არა მხოლოდ არასრულწლოვნები

პირველი არხი

ცრუ ჩვენებისთვის ადრეც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და, არა მხოლოდ არასრულწლოვნები - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე, დღეს, ცრუ ჩვენების ბრალდებით არასრულწლოვნის დაკავებას

"ეს არ არის ოღონდ კვანძის გახსნა. შეცდომაში არავინ შეხვიდეთ ამის გამო. უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება იყოს სწორი მიმართულებით გადადგმული დაგვიანებული ნაბიჯი.

ოღონდ, ნურავის დაავიწყდება, რომ მთავარი რეკომენდაცია (იმ პირის დაკავება, ვინც, როგორც მინიმუმ, თანამონაწილე იყო), რაც გაცემული გვაქვს, ჯერ კიდევ შეუსრულებელია!

ასევე არ არის გამოვლენილი ვინ დააფარა ხელი, ვინ წაიყვანა საქმე არასწორად და მოიყვანა საქმე აქამდე.

ამაზეც გვექნება რეკომენდაციები. ძალიან მალე.

ნაბიჯ-ნაბიჯ და დაგვიანებით ხდება ყველაფერი. სამწუხაროდ", - წერს კაპანაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

დღეს შს სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

"კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები