ტყიბულის შახტა

პროფკავშირები: "საქნახშირი" მაღაროელებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ამბობენ, რომ პრემიერმინისტრის მოწოდების მიუხედავად, „საქნახშირი ჯი აი ჯი“-ს ადმინისტრაცია ორი დღის განმავლობაში ურეკავს დასაქმებულებს და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვს.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ინფორმაცია მეშახტეებისგან მიიღეს.

პროფკავშირებში მამუკა ბახტაძის განცხადებას მიესალმებიან თუმცა მას დაგვიანებულად მიიჩნევენ, რადგან გაერთიანებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 აპრილს მიმართა მთავრობას,დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო შახტებზე სამუშაოები და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განხილული ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯები შახტების რეაბილიტაციის ან/და ტყიბულში ალტერნატიული ეკონომიკური სექტორების განვითარების პერსპექტივების შესახებ. მთავრობამ აპრილის თვეში ეს არ გაიზიარა. 

პროფკავშირები კომპანიის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დასაქმებულებზე ზეწოლა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და შეაჩეროს შახტებზე ყოველგვარი საქმიანობა, ვიდრე არ დაიდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექპერტების დასკვნა.

პროფკავშირები ითხოვენ, რომ ამ პერიოდში იქ დასაქმებულები უზრუნველყონ იძულებითი მოცდენის სრული ანაზღაურებით, რაც აუცილებლად დოკუმენტალურად უნდა დადასტურდეს.

ისინი პრემიერმინისტრს სამხრივი კომისიის სხდომის მოწვევას სთხოვენ.

"მოვუწოდებთ პრემიერ მინისტრს დაუყონებლივ მოიწვიოს სამხრივი კომისიის სხდომა, სადაც დაჩქარებულ რეჟიმში განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში დავაყენეთ დღის წესრიგში",- წერია პროფკავშირების მიმართვაში. 

16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 1961 წელს დაბადებული მ.ლ, 1963 წელს დაბადებული მ.გ, 1988 წელს დაბადებული ლ.ფ და 1961 წელს დაბადებული ი.ქ სხეულის მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

კომენტარები