ანა პოლიტკოვსკაია

სტრასბურგის სასამართლომ პოლიტკოვსკაიას ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთს დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას ანა პოლიტკოვსკაიას ნათესავებისთვის მორალური ზიანის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

რუსეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ეფექტიანად არ გამოიძია და  მკვლელობის დამკვეთების ვინაობა არ დაადგინა,- წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის არაეფექტიანი გამოძიებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეკვეთილ მკვლელობასთან უშუალო კავშირში მყოფ პირთა ჯგუფი გამოავლინა და გაასამართლა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ამ მკვლელობის დამკვეთის ან დამკვეთების გამოსავლენად არ ჩატარებულა“, – წერია გადაწყვეტილებაში.

Новая газета-ს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. 2015 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ ჩეჩნეთის მკვიდრნი, ლომ-ალი გაიტუკაევი და რუსტამ მაჰმუდოვი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. სულ აღნიშნულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ხუთ პირს მიესაჯა. 2017 წლის ივნისში გაიტუკაევი ციხეში გარდაიცვალა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. 

კომენტარები