გენეტიკა

ნაფილდის ეთიკის საბჭო: გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები მისაღებია

www.bbc.com

ბრიტანეთის ყველაზე სანდო სამედიცინო ეთიკის საბჭოს ანგარიშის თანახმად გენეტიკურად მოდიცირებული ბავშვების შექმნა მორალურად დასაშვებია.

ნაფილდის ბიოეთიკის საბჭოს დასკვნით, არ არსებობს ფუნდამენტური მორალური წინააღმდეგობა მშობლებისთვის, რომლებიც შვილის გენეტიკურ მოდიფიცირებას გადაწყვეტენ.

გენეტიკოსებისგან, ეთიკოსებისგან და ადვოკატებისგან შექმნილი გუნდი, რომლებიც ამ ანგარიშის ავტორები არიან, მიიჩნევენ, რომ არ არის აუცილებელი შევზღუდოთ დნმ-ის რედაქტირება თანდაყოლილი დაავადების განკურნებამდე, არამედ იგი ადამიანების გაუმჯობესების შესაძლებლობისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

"ჩვენი შეხედულებაა, რომ გენომის რედაქტირება არ არის თავისთავად მორალურად მიუღებელი და არ არსებობს მიზეზი, რომ ეს პრინციპულად გამოვრიცხოთ, " - ამბობს გუნდის ხელმძღვანელი და ბირმინგემის უნივერსიტეტის სამართლის, ეთიკის და ინფორმატიკის პროფესორი კარენ იანგი.

გაერთიანებული სამეფოს არსებული კანონმდებლობით დნმ-ის რედაქტირება მკაცრად კონტროლირებულია. მისი გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო კვლევისთვისაა დასაშვები და არ გულისხმობს კვერცხუჯრედის, ემბრიონის ან სპერმატოზოიდის გენეტიკური ინფორმაციის რედაქტირებას სასურველი ფიზიკური და ინტელექტუალური თვისებების მისაღწევად.

საბჭოს დასკვნაა, რომ მსგავსი ინტერვენციები არ არის თავისთავად მიუღებელი, თუ მისი მიზანი პიროვნების ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა იქნება და არ წაახალისებს საზოგადოების დაყოფას, დისკრიმინაციას და უთანასწორობას.

ადამიანის ემბრიონის გენეტიკური მოდიფიცირება საკმაოდ წინააღმდეგობრივი თემაა. პირველ რიგში, სათანადოდ უნდა დამტკიცდეს, რომ პროცედურა უსაფრთხოა.

ორშაბათს, Nature Biotechnology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენომის რედაქტირების ყველაზე პოპულარულ მეთოდი დნმ-ს იმაზე მეტად აზიანებს ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. თუ მეცნიერები არ ცდებიან, გენურ რედაქტირებას შეუძლია დააზიანოს ჯანმრთელი გენები, მაშინ როცა მისი დანიშნულება დეფექტური გენების შესწორებაა.

ნაფილდის ბიოეთიკის საბჭო თავის ანგარიშში სახელმწიფოს არა კანონმდებლობის ცვლილებისკენ, არამედ უბრალოდ ამ თემაზე საჯარო დისკუსიის წახალისებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები