დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელების პროტესტი - ლონდონის თავზე "ბავშვი ტრამპის" გიგანტური ბუშტი გაუშვეს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. 

დემონსტრანტები ოფიციალური ვაშინგტონის მიგრაციულ პოლიტიკას და ბავშვების არალეგალი მიგრანტი მშობლებისგან განცალკევებას აპროტესტებდნენ. ისინი ამბობენ, რომ მცირეწლოვანი მიგრანტების ტირილის სანაცვლოდ თეთრი სახლის ლიდერს საელჩოსთან სხვა ხმაური დაახვედრეს. 

მათ ქვაბები მიიტანეს, რათა რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოეწვიათ. აქციის მონაწილეებს თან ტრანსპარანტები ჰქონდათ, რომლებზეც „არა რასიზმს, არა ტრამპს“, „პატივი ეცი ადამიანის უფლებებს“ და სხვა ლოზუნგები ეწერა.

ასევე, ტრამპის ვიზიტის დროს ლონდონის თავზე "ბავშვი ტრამპის" გიგანტური ბუშტი ააფრინეს. 6-მეტრიანი ბუშტი პარლამენტის წინ 2 საათის განმავლობაში იფრენს. ბუშტზე ტრამპი გაბრაზებული სახითაა გამოსახული. აქვს მოკლე ხელები და ფეხები, აცვია საფენი და ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს. 

ტრამპის გიგანზური ბუშტის გასაშვებად პეტიციას 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ბუშტის გაშვება არ გაუპროტესტებია არც ლონდონის მერს, სადიქ ჰანს. მან თეთრი სახლის ლიდერი ტერაქტზე გაკეთებული განცხადებების (ტვიტების) გამო გააკრიტიკა.

ლონდონში ჩასვლამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში, მის წინააღმდეგ დაგეგმილ დემონსტრაციებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.

„შეიძლება, თქვენ არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ვარ“, - ამბობს ტრამპი. 

დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლონდონში 12 ივლისს ჩაფრინდა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ აშშ-ს პრეზიდენტს სადილით უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრექსითსა და ახლო აღმოსავლეთზე ისაუბრეს. დაგეგმილია შეხვედრა დედოფალ ელისაბედ მეორესთანაც

კომენტარები