ბრალის წარდგენა

საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კუპრავას ბრალი წარუდგინეს

ზვიად კუპრავა
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს.

მას გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

ამასთან, კუპრავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ბრალი დაუმძიმდა, რადგან მანამდე გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, ხოლო დღეს 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კუპრავა ბრალდების შესახებ პროკურატურის დადგენილებასაც აქვეყნებს, სადაც ნათქვამია:

„ზვიად კუპრავა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15:00 საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან და შეიგინა მოსამართლის მისამართით. პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება. ამასთანავე, იგი კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას“. 

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

კომენტარები