2018 FIFA world cup

აშშ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელების დოპინგზე შემოწმებას ითხოვდა

Pilar Olivares / Reuters

აშშ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელების დოპინგზე შემოწმებას ითხოვდა.

22 ივნისს აშშ-ის ანტი-დოპინგ სამსახურის ხელმძღვანელმა გამოცემა გარდიანს უთხრა, რომ გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი, რომ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ანტი-დოპინგურ წესებს არ დაარღვევდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისს რუსეთში დაიწყო, მასპინძელი ქვეყანა აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა მათ მეოთხედფინალამდე გასვლა შეძლეს და ესპანეთის ნაკრებიც კი დაამარცხეს. რუსი ფეხბურთელების დოპინგის საკითხი აქტუალური ჯგუფურ ეტაპზევე, მათ მიერ საუდის არაბეთის და ეგვიპტის ნაკრებების დამარცხების შემდეგ გახდა. 

ფიფამ უარი თქვა გაესაჯაროებინა, რამდენი ტესტი ტარდება ჩემპიონატის დაწყებამდე ან ტარდება თუ არ ის საერთოდ. თუმცა, ორგანიზაციის სპიკერმა მანამდე გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ რუსეთის ნაკრები ყველაზე მეტად "დატესტილი" გუნდია მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. 

ასევე, რუსულ მედიასთან საუბრისას, საფეხბურთო ნაკრების ექიმი, ედუარდ ბეზუგლოვი ამბობდა, რომ ფეხბურთელებმა გასულ წელს დოპინგ-ტესტი სამასჯერ გაიარეს, თუმცა სპორტსმენების ორგანიზმში აკრძალული წამლები არც ერთხელ არ აღმოჩნდა. 

რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გუშინ გამოეთიშა - მასპინძელი ქვეყნის გუნდი ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

რუსი სპორტსმენები ხშირად ეხვევიან დოპინგის სკანდალში. 2011-2015 წლებში ქვეყანას ბრალი ედებოდა დოპინგის სისტემატურ დაფინანსებაში, ამის გამო რუსეთის ოლიმპიური ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება რუსი სპორტსმენების ნაწილს მისცეს, რომლებიც დოპინგ-ტესტს გაივლიდნენ. ისინი შეჯიბრზე დროშის გარეშე გამოვიდნენ. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ რამდენიმე მათგანმა კვლავ მიიღო აკრძალული ნივთიერება. 

კომენტარები