დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისია 11 ივლისს სამხარაულის ექსპერტებს დაკითხავს

პირველი არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მომდევნო კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების დაკითხვით გაგრძელდება. 

მათ კომისიაში ოთხშაბათს, 11 ივლისს ელოდებიან. 

დაგეგმილია დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოსმენაც, თუმცა ეს შესაძლოა მომდევნო კვირას. მთავრობის დამტკიცების პროცედურების გამო ვერ მოესწროს. 

მანამდე კი, ორშაბათს და სამშაბათს სამკაციანი ჯგუფის ფორმატში კომისიის წევრები თვითმხილველებს შეხვდებიან. კომისია ორშაბათს, 9 ივლისს - სრულწლოვნებს გამოკითხავს, სამშაბათს, 10 ივლისს კი - არასრულწლოვან თვითმხილველებს. 

დროებითი საგამოძოებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე 1-ლ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეს შეისწავლის, 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. კომისიის წევრია დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ კი სხდომებზე დასწრება კომისიაში ევროპული საქართველოს წევრების უმრავლესობაში ყოფნის გამო არ ისურვა. 

კომისიამ უკვე გამოკითხა საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე დაღუპულების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, სკოლების დირექტორები და ორი თვითმხილველი მოზარდი. 

დაგეგმილია მაღალი თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების გამოკითხვაც, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის. 

ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1-ლ დეკემბერს იჩხუბეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. კომისიის სხდომებზე გაირკვა, რომ ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ ერთი არასრულწლოვანი. 

საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 31 მაისს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი, გ.ბ. დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული გ.ჯ. კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მრავალრიცხოვანი აქციები, მთავარი პროკურორის გადადგომა, შემდეგ კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოჰყვა. 

კომენტარები