დიდი ბრიტანეთი

ინგლისში, სოლსბერისთან ახლოს 2 ადამიანის მოწამვლის მიზეზად "ნოვიჩოკი" დასახელდა

Facebook

ინგლისში, უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი უგონო მდგომარეობაში სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩარლი როულის და დოუნ სტურჯესის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოილციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ისინი რუსული ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" არიან მოწამლულები. უცნობია როდის და სად ჰქონდათ მათ კონტაქტი მომწამლავ ნივთიერებასთან და იყო თუ არა ეს თავდასხმა.

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე საჯარო დაწესებულება, მათ შორის ეკლესია და პარკი დახურა.

შეგახსენებთ, რომ მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

ჯერ-ჯერობით უილტშირში მომხდარი ინციდენტსა და სკრიპალების მოწამვლას შორის კავშირის არსებობა არ არის დადგენილი.

კომენტარები