მკვლელობა ხორავას საქმეზე

ზაზა სარალიძე მთელი ღამე შსს-თან იყო, ის მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთელი ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო. მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით, ზაზა სარალიძე შსს-სთან გუშინ მივიდა და თქვა, "იქამდე ვიჯდები, სანამ რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ... კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევ მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო."

საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან, რის გამოც, დაღუპული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ შსს-სთან აქცია დაიწყო.

 

კომენტარები