პატრიოტთა ალიანსი

დაერქვას ენმ-ის მმართველობას სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმი - რეზოლუცია

პარლამენტი

პარლამენტის ბიუროზე პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა "საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ". 

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "რეზოლუციის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და გამოაშკარავება, დამნაშავეების დასჯა". 

რაც შეეხება თავად პროექტს, პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ "სააკაშვილისა და ბოკერიას მმრათველობის პერიოდში  საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც:

  • არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია;
  • უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი,  ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში;
  • სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 პირი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად;
  • ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად;
  • განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის  საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება;
  • მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი;
  • ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი;
  • დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. 

ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები უდაოდ არიან მ. სააკაშვილი და გ. ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:

საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად;

ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები;

საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. 

კომენტარები