დევდარიანი ტაბულას აღარ უჩივის - სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში მიიღო

რადიო თავისუფლება

თავდაპირველი უარის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ტაბულასთან ამბობს, რომ წმინდა ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც გამოსწორდა და სასამართლოს ხელახლა მიმართეს. ადვოკატის ინფორმაციით, ახალ სარჩელში ტაბულა მოპასუხე აღარ არის. ამას ადასტურებენ სასამართლოს ცხელ ხაზზეც.

"ჩვენ მაინც ეს პრინციპი ვთქვით, ვიფიქრეთ ბევრი, რომ მედიის წინააღმდეგ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს", - ამბობს გაბუნია.

მისივე ინფორმაციით, სარჩელში არსებითად არაფერი შეცვლილა და მოპასუხეები კვლავ არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

"2 თვის ვადა გვაქვს, რომ გადავუგზავნოთ მოპასუხეებს სარჩელი თანდართული მასალებით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ პერიოდს და როცა გადავწყვეტთ, გადავუგზავნით მოპასუხეებს", - ამბობს ადვოკატი.

ზვიად დევდარიანმა 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის 11 ივნისს უჩივლა, მათ შორის იყო ტაბულაც. 19 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მას სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. დევდარიანის განცხადების მიხედვით, ამაში უცნაური არაფერია. გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის, ვიდრე მოსარჩელისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ "სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის". 

დევდარიანს უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლომ და აღნიშნა, რომ განცხადებები სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები