გერმანია

მერკელსა და ზეეჰოფერს შორის მიგრაციის საკითხზე კიდევ ერთი მოლაპარაკება გაიმართება

ჰორსტ ზეეჰოფერი და ანგელა მერკელი
DPA

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი და მერკელის მოკავშირე ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი, ჰორსტ ზეეჰოფერი კანცლერ ანგელა მერკელთნ მიგრაციის თაობაზე ბოლო მოლაპარაკების გამართვას აპირებს. მოლაპარაკებები დღეს ბერლინში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იგეგმება.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ზეეჰოფერი პროტესტის ნიშნად გერმანიის მთავრობასა და საკუთარ პარტიაში დაკავებული თანამდებობების დატოვებას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ ზეეჰოფერის აზრით გერმანიას უნდა ჰქონდეს უფლება მიღებაზე უარი უთხრას იმ მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ზეეჰოფერს 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ შემოღებული ღია კარის პოლიტიკის გაუქმება სურს. ცვლილება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების ღია საზღვრების სისტემაზეც მოახდენს გავლენას. ანგელა მერკელი ამ ცვლილებების წინააღმდეგია.

გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ჩასულ მიგრანტებს მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით გადაანაწილებენ და ევროკავშირის შიგნით თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებს შექმნიან.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებზე პასუხისმგელობას გადაინაწილებენ. ეს მოთხოვნა იტალიის პრემიერმინისტრმა წამოაყენა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. "იტალია მარტო აღარ არის." თქვა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯუზეპე კონტემ.

საბოლოო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბლოკის ქვეყნებს შორის შიდა მიგრაციას შეზღუდავენ, თუმცა საერთაშორისო კანონების ფარგლებში კონკრეტული ზომების მიღება თავად ქვეყნების სურვილზეა დამოკიდებული. შეთანხმება ასევე მოიცავს ბლოკის გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და თურქეთის, მაროკოსა და სხვა ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებისათვის დაფინანსების გაზრდას, რათა ევროპაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა გააძლიერონ.

მანამდე, 24 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით ბრიუსელში საგანგებო სამიტი გამართეს, რომელსაც 16 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, რომ მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს, ვინაიდან ბლოკმა ერთობლივი გზის შემუშავება ვერ შეძლო. მისი თქმით ქვეყნები უნდა შეეცადონ დაეხმარონ ერთმანეთს და გაითვალისწინონ ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი ოცდარვავე წევრის ლოდინის გარეშე.

ამის შემდეგ, გასულ ხუთშაბათს, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ხელი მოაწეროს გერმანიასთან ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც გერმანიას თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ევროპულ ქვეყნებში გაბრუნებას გაუადვილებს.

ციპრასის თქმით სპეციალური შეთანხმება ხელს შეუწყობს "მეორადი მიგრაციის" შემცირებას, როდესაც მიგრანტები ევროკავშირის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ ჩრდილოეთით, გერმანიაში მიდიან, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის კრიზისზე დიდი გავლენა არ ექნება რადგან საბერძნეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით საზღვარს ყოველ თვე მხოლოდ 50-დან 100-მდე მიგრანტი კვეთს.

იმ შემთხვევაში, თუ მერკელი და ზეეჰოფერი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შესაძლოა ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების 70-წლანი ალიანსი დაიშალოს და გერმანიის სამთავრობო კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.

კომენტარები