ქალთა საკითხები

კვლევა: ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანაა

EPA

Thomson Reuters Foundation-ის კვლევის მიხედვით, ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანაა. სწორედ ინდოეთში დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის და ქალის მონობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ქალებისთვის სახიფათო ქვეყნების სიაში ინდოეთს ავღანეთი და სირია მოსდევს.

მკვლევარებმა ქალთა საკითხებზე მომუშავე 548 ექსპერტი გამოჰკითხეს.  

"ინდოეთში დიდია ქალების მიმართ უპატივცემულობა. გაუპატიურება, ძალდატანებით ქორწინება, სექსუალური შევიწროება, შეურაცხყოფა," - თქვა მანჯუნათ განგადჰარამ, კარნატაკას შტატის მთავრობის წარმომადგენელმა.

მთავრობის ცნობით, ინდოეთში ქალზე ძალადობის შემთხვევები 2007 წლიდან 2016 წლამდე 83%-ით გაიზარდა. თუმცა, ქვეყნის ბავშვთა და ქალთა განვითარების სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ქალებისთვის სახიფათო ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზე სომალია, მეხუთეზე კი - საუდის არაბეთი. 

პირველ ათეულში დასავლეთის ქვეყნებიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების შედის. აშშ-ში გამოკითხული ქალების თქმით ქვეყანაში სექსუალური შევიწროება და ქალზე ძალადობა ხშირია.

თუმცა, ექსპერტების თქმით, #MeToo და Time’s Up სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიების შემდეგ, აშშ ტოპ ათეულში აღარ იქნება.

"ადამიანები ფიქრობენ, რომ კარგი შემოსავალი მიზოგინიისგან დაცვას ნიშნავს, თუმცა ეს ასე არ არის", - ამბობს სინდი საუსვორსი, ოჯახში ძალადობის ეროვნული ქსელის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი. 

მკვლევარებმა გამოკითხულებს ასევე ჰკითხეს, გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან რომელი 5 მიაჩნიათ ყველაზე სახიფათო ქვეყნად ქალებისთვის, რომელშია ყველაზე ცუდი ჯანდაცვა და ეკონომიკური რესურსები, სად არის სექსუალური ძალადობის და შევიწროების მაღალი მაჩვენებელი.

მსგავსი კვლევა 2011 წელსაც ჩატარდა. მაშინ ქალებისთვის ყველაზე საშიშ 5 ქვეყნად ავღანეთი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა, პაკისტანი, ინდოეთი და სომალი მიიჩნეოდა. 

კომენტარები