პატიმრების შემოწმება

სასჯელაღსრულება: პატიმართა შემოწმების პროცედურა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ იზიარებს „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მითითებულ დასკვნებს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ციხეებში მსჯავრდებულთა შემოწმების პროცედურა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.

"აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, ციხის ევროპულ და ქალ პატიმართა მიმართ მოპყრობის წესებთან, ასევე ევროპის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის შესაბამის რეკომენდაციებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან. მსგავსი პრაქტიკა ასევე მიღებული და დანერგილია არაერთ წამყვან ისეთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი ირლანდია და სხვა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი) რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა მიღებისა და შემოწმების პროცედურა. პატიმარს სრული შემოწმება უტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტოვებს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიას და კონტაქტი აქვს გარე სამყაროსთან (სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გაყვანა, დაწესებულების დროებით დატოვება 3 წლის ასაკის შვილის მონახულების გამო და სხვა). შემოწმების მთავარ მიზანს წარმოადგენს, დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა." - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ პატიმრებს თავად შეუძლიათ აირჩიონ შემოწმების მეთოდი, სკანირებასა და ნაწილობრივ გაშიშვლებას შორის. ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში შესვლისას აუცილებელია ექიმმა აღწეროს სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც სხეულის დათვალიერების გარეშე შეუძლებელია. 

"ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცედურა მკაცრადაა რეგლამენტირებული პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით. აღნიშნული პროცედურის თანახმად, პატიმარი შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს - სკანერის გამოყენებით, თუ ნაწილობრივი გაშიშვლების გზით. N5 პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკანერის აპარატით, რომლითაც ხორციელდება შემოწმება. პრაქტიკის ანალიზი და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბრალდებულ/ მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევანს აკეთებს სკანერით შემოწმებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულოდ მოითხოვს, დაწესებულებაში მოთავსების დროს მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი სათანადო წესით აღწერა/დაფიქსირება ექიმის მიერ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს სხეულის დათვალიერების გარეშე." - წერია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ქალთა და არასრულწლოვან პატიმართა მდგომარეობას ეხება, საპატიმროებში შემოწმების მიზნით ქალების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების მიმართ სრული პირადი შემოწმების გამოყენება, გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუ​ქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულსაქვს მენსტრუალური ციკლი.

კომენტარები