მიგრაცია

გერმანიამ და საბერძნეთმა მიგრაციის შემცირებაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს

ალექსის ციპრასი
AFP

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, ალექსის ციპრასის თქმით ქვეყანა მზადაა ხელი მოაწეროს გერმანიასთან ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც გერმანიას თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ევროპულ ქვეყნებში გაბრუნებას გაუადვილებს.

ციპრასის თქმით სპეციალური შეთანხმება ხელს შეუწყობს "მეორადი მიგრაციის" შემცირებას, როდესაც მიგრანტები ევროკავშირის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ ჩრდილოეთით, გერმანიაში მიდიან, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის კრიზისზე დიდი გავლენა არ ექნება რადგან საბერძნეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით საზღვარს ყოველ თვე მხოლოდ 50-დან 100-მდე მიგრანტი კვეთს.

ციპრასს მიაჩნია, რომ ევროკავშირის მოქმედი კანონები მიგრანტებზე პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ უკვე "სიცოცხლეს მოკლებულია."

"ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზა, საერთაშორისო კანონების ფარგლებში, რომ გავანაწილოთ ეს ტვირთი და არ აწვეს ის სასაზღვრო ქვეყნებს და ასევე გერმანიას უსამართლოდ." თქვა ციპრასმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით ბრიუსელში საგანგებო სამიტი გამართეს, რომელსაც 16 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, რომ მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს, ვინაიდან ბლოკმა ერთობლივი გზის შემუშავება ვერ შეძლო. მისი თქმით ქვეყნები უნდა შეეცადონ დაეხმარონ ერთმანეთს და გაითვალისწინონ ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი ოცდარვავე წევრის ლოდინის გარეშე.

28-29 ივნისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიგრაციის საკითხს კვლავ განიხილავენ.

კომენტარები